
მითი ზღაპარს ჰგავს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზღაპრები კარგად მთავრდება, მითების უმეტესობას კი ტრაგიკული დასასრული აქვს. მითებს დიდი მიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურაში და მათში ზოგჯერ ისეთი ამბებია გადმოცემული, რომლებიც მათი ორიგინალური კულტურის წარმოშობამდე ათასწლეულებით ადრე ხდებოდა.
მითები თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს. მათ ერთმანეთისგან სესხულობენ, ცვლიან. მითები კულტურულ განვითარებას ასახავს და მოგვითხრობს, როგორ ყალიბდებოდა ადამიანთა ცხოვრების წესი და მათი აზროვნება. ისინი დღესაც გვეხმარებიან იმის გაგებაში თუ, როგორ აღიქვამს ხალხი საკუთარ თავსა და სამყაროს.

მითოლოგიური და კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების ყველაზე მასშტაბური და საინტერესო სინთეზი ძველ საბერძნეთში მოხდა. ამან ადამიანური შემოქმედების ცალკეული სფეროების ავტონომიისა და საკუთარი კანონზომიერებებით განვითარების მხრივ რადიკალური ცვლილებები განაპირობა. ანტიკურ საბერძნეთში ლიტერატურამ, სახვითმა ხელოვნებამ, მეცნიერულმა აზროვნებამ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია. როდესაც შესაძლებელი გახდა ჩამოყალიბებულიყო და მთელი სრულყოფილებით წარმომდგარიყო მხატვრული კულტურის სულ სხვადასხვა ჟანრები.
გენიალურ ბერძენ პოეტთა და ხელოვანთა წყალობით, მითებმა გადაინაცვლეს ამ ჟანრებში და, როგორც ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ინფორმაციულმა წყარომ, სტიმული მისცეს ბრწყინვალე მხატვრული ნაწარმოებების შექმნას.
შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მითების მხატვრულ სისტემებად ტრანსფორმაციის მასშტაბებითა და ამ სფეროში მოღვაწეობითა და მიღწევებით ბერძნებს ჭეშმარიტად არ ჰყავთ კონკურენტები.
ბერძნულმა მითებმა, უდიდეს ელინ შემოქმედთა ნაწარმოებების წყალობით, მთელი კაცობრიობისთვის შექმნეს არა მარტო სიუჟეტების, სახეების, მოტივების მძლავრი ინფორმაციული ბაზისი, არამედ გვიჩვენეს, თუ მხავრული ინტერპრეტაციის რა ამოუწურავ შესაძლებლობებს შეიცავენ ისინი.
No comments:
Post a Comment